logo
ENG



ზურაბიშვილი: არ მიხარია და კიდევაც განვიცდი სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას

07 აპრ 202317:57
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: არ მიხარია და კიდევაც განვიცდი სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ უხარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება, სანქცია დაადოს ოთხ ქართველ მოსამართლეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა და თავისი შეხედულებები მასაც გაუზიარა.

"არ მიხარია და კიდევაც განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. [...] არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამე თუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი ქვეყნის რეპუტაციაა. თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხი პირს ეხება და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის აღნიშნული ოთხი მოსამართლის პასუხისმგებლობა "მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში". მისივე განცხადებით, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რა გაკეთდა და არ გაკეთდა სასამართლოს რეფორმის კუთხით. 

"არც ნიშნისმოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა, ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. ეს იქნება სრული გამოძიება თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და მის მიმართ ნდობას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. 

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს. 


close დახურვა