logo
ENG



ზურაბიშვილი: არაა გამორიცხული, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს

17 ოქტ 202214:21
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: არაა გამორიცხული, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს, რადგან მისივე თქმით, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შესაძლოა, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.

კიშინიოვში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ზურაბიშვილმა, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ყველა კონტროლის მექანიზმია გამოყენებული, რათა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა არ იქცეს საფრთხედ.

"რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა, არ ვიტყოდი საფრთხე, მაგრამ გამოწვევაა. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან დღევანდელ დღეს გამოწვეული პირობებიდან, რაც არსებობს რუსეთში, ჩამოდიან საქართველოში, ბრუნდებიან, მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, რომ საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ყველა კონტროლის მექანიზმია გამოყენებული იმისთვის, რომ არ გაჩნდეს საფრთხე და ამისთვის, მგონი მეტი კომუნიკაცია, ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი რეალურად გათვალისწინებულია ხელისუფლების მიერ და ყველა ზომებია მიღებული. ასევე, არაა გამორიცხული მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც არის საკმაოდ ლიბერალური დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის გადასაწყვეტი ხელისუფლების მიერ და საზოგადოებასთან ერთად, მისი ინფორმირებით", - თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა