საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ კიევში საქართველოს ელჩი სასწრაფოდ დაბრუნდეს. ამაზე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და სოლიდარობა გამოუცხადა მათ.
"არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", - აცხადებს ზურაბიშვილი.
უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.
30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა ე.წ საზღვართან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, თუმცა, გეგმავს, საფრთხე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას.
კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება".
რაც შეეხება კიევიდან საქართველოს ელჩის გამოძახებას, ეს გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიიღო.