logo
ENG



ზურაბიშვილი: დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია

12 აგვ 202118:47
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას დიდგორობა მიულოცა და განაცხადა, რომ დღევანდელი დიდგორი კორონავირუსის პანდემიასთან ომია.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ისევე როგორც 900 წლის წინ, მოსახლეობა ამ ომში წინდახედული, გამბედავი და ერთად შეკრული უნდა იყოს.

"900 წლის წინ, დიდგორი იყო ის ბრძოლა, საიდანაც საქართველოს კავკასიის ხალხებთან ერთად, მიუხედავად რელიგიური და ეროვნული ნიშნისა, გამოვიდა გამარჯვებული. ეს არა მხოლოდ ეროვნული სიამაყის საფუძველია, არამედ წარმოადგენს ჩვენი, კავკასიური მომავლის გზასაც.

დიდგორი დღეს ვერ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ვადიდოთ ჩვენი წინაპრების თავდადება, ვიამაყოთ ამ ღირსეული წარსულით და გმირობით. დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას და სახელმწიფოს, რომელმაც ჩვენი 6 278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა. ნუთუ ეს ამ მცირერიცხოვანი ერისათვის არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეს საკითხი ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი გახდა.

"სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან კომფორტში მყოფი ზოგი ვითომ პოლიტიკოსი ბედავს და ცილს სწამებს, შეურაცხყოფას აყენებს იმ მედიცინის თავდადებულ პიროვნებებს, რომლებმაც გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. მათ მადლობა უნდა ვუთხრათ", - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა პანდემიასთან ბრძოლაში ეკლესიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ეკლესიას მოუწოდა, მრევლს ვაქცინის გასაკეთებლად კურთხევა მისცეს.

"აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის. ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას. თუმცა, დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი. ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ", - თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა