logo
ENG



ზურაბიშვილი: ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა და ვერ დავაფასეთ

09 აპრ 202113:09
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ფასილიტატორების ჩართულობა ვერც მორალურად, ვერც ფინანსურად და ვერც პოლიტიკურად ვერ დააფასა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ასეთი ჩართულობა საქართველოს არ ახსოვს. 

მისივე განცხადებით, საქართველომ ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. 

"თუ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა და ეს ასეა, ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხელიდან უდიდესი შანსი, რომელიც მოგვეცა. არნახული რამ მოხდა იმის დასტურად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატიულობა და მისი სტაბილურობა ევროპისათვის და რაოდენ დაახლოებულები ვართ უკვე. ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა და ვფიქრობ, საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასეთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური. ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის", - აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა ფასილიტატორებს მადლობა გადაუხადა ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ დახმარება უშედეგოდ არ ჩაივლის.

"ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს თუ არ ჩავთვლით ომის მძიმე პერიოდს. მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფასილიტატორებს და დავარწმუნო იმაში, რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ჩაივლის", - აცხადებს პრეზიდენტი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა. მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

ევროპარლამენტარები დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და პასუხისმგებლობას მონაწილე მხარეებს, ხოლო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.

 


close დახურვა