logo
ENG



ზურაბიშვილი: სააკაშვილის გადაყვანის კადრების გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია

17 ნოე 202118:39
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: სააკაშვილის გადაყვანის კადრების გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრების გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან ლახავს ექსპრეზიდენტის პატივს და ღირსებას. 

დღევანდელ ბრიფინგზე მან თქვა: 

"დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს. 

გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 


close დახურვა