საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად, შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის "აღმოაჩინე საქართველო" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა.
ზურაბიშვილის განცხადებით, შესაძლებელია, ეს რეგიონი მსოფლიო მართლმადიდებლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.
"მინდოდა ელჩს ენახა სამცხე-ჯავახეთის ეს არაჩვეულებრივი მხარე და ეს სასწაული ადგილები, რადგან არ იყო ნამყოფი და მისთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამცხე-ჯავახეთი ის მხარეა, სადაც კარგად ჩანს ქართული ტოლერანტობა. სამცხე - ჯავახეთი ასევე, უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი. ეს არის გზა, საიდანაც საქართველოში წმინდა ნინო შემოვიდა. ეს მსოფლიო მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოვიყვანე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
"ეს განსაკუთრებული ადგილია. მართლაც ამაღელვებელია წმინდა ნინოს ისტორია, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში სწორედ ამ ადგილიდან შემოიტანა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება რელიგიური სიწმინდეების მომლოცველთათვის, რომლებიც ისეთი წმინდანების ნაკვალევს მიჰყვებიან, როგორიც წმინდა ნინოა", - განაცხადა დეგნანმა.
ელჩის თქმით, სავარაუდოდ, ის კვლავ ესტუმრება სამცხე-ჯავახეთს.