logo
ENG



ზურაბიშვილი: სებ-ში ბაქრაძის არარჩევის შემდეგ, საჭირო გახდა მანკიერი პროცესის ლუსტრაცია

24 სექ 202319:09
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: სებ-ში ბაქრაძის არარჩევის შემდეგ, საჭირო გახდა მანკიერი პროცესის ლუსტრაცია
ვახო ქარელი/ფორმულა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების დანიშვნას "უმრავლესობის მიერ წარმოებული მანკიერი პროცესის ლუსტრაციად" აფასებს.

"რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

მანამდე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატისთვის - ნანა ყეინიშვილისთვის და თეიმურაზ ხომერიკისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს კანდიდატების წარმოდგენაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურები უკვე წარმოადგინა და მათი გაწვევის მექანიზმი კანონში არ არსებობს.

იმის მიუხედავად, რომ კომიტეტმა აღნიშნულ კანდიდატებს განხილვაზე მხარი არ დაუჭირა და პლენარულ სხდომას თავისი უარყოფითი დასკვნა წარუდგინა, უმრავლესობამ საკითხს კენჭი მაინც უყარა.

***

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები 14 სექტემბერს წარუდგინა.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს და მის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა.


close დახურვა