საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნას დროულს და გადაუდებელს უწოდებს.
როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეკრეტის წარდგენის დროს განაცხადა, შესაძლოა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით სიტუაცია დამძიმდება და ამისთვის, მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მთავრობასთან ერთად ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალების მოსაზრებების გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შექმნილ მდგომარეობაში დროულ და გადაუდებელ საშუალებად მიგვაჩნია. ეპიდემიის მეორე ეტაპზე გადასვლის დროს, როცა მოსალოდნელია სიტუაციის დამძიმება, მკაცრი წესების შემოღება აუცილებელია. მათი აღსრულების ყველა ბერკეტი სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობამ შეძლოს შექმნილი ვითარების ეფექტიანად მართვა და მის აუცილებელ ნაბიჯებს სამართლებრივი საფუძველი მიეცეს. ყველა არსებული მაგალითიდან დგინდება, რომ რაც უფრო დროულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მით უფრო ეფექტიანია ის. ყოველი დაგვიანებული დღე მის ეფექტიანობას ამცირებს. შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ 49 ინფიცირებული არ იმსახურებს ასეთ რადიკალურ მიდგომას, თუმცა, საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას მაშინ აქვს ეფექტი და შედეგი, ვიდრე შიდა გავრცელება დაიწყება დ ეპიდემია მწვავე ფაზაში შევა. საგანგებო მდგომარეობა ერთგვაროვანი არ არის, მას გააჩნია გრადაციები. ჩვენ ახლა მხოლოდ აუცილებელი გარკვეული შეზღუდვები შემოგვაქვს და არა ექსტრემალური. მაგალითისთვის, არ იზღუდება არც სიტყვის თავისუფლება, არც ძირითადი ინდივიდუალური უფლებები, არც მედიის თავისუფლება, არც პოლიტიკური უფლებები. საგანგებო მდგომარეობაში არ შედის კომენდანტის საათის გამოცხადება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.