logo
ENG



ზურაბიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ბევრი კითხვა მაქვს

06 მარ 202420:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/06/yag8nxczp2ml87t.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობაზე საუბრობს და ამბობს, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი მოეწერა, ბევრი კითხვა აქვს. 

"დღეს ჩვენ უნდა ამოვირჩიოთ ჩვენი პარტნიორები და არ უნდა იყოს რაღაც ლავირება. შეიძლება, ძალიან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ მე იმ სტრატეგიულ პარტნიორობის დოკუმენტზე მაქვს ბევრი კითხვა. ჯერ ერთი ეს დოკუმენტი არ იქნა შემუშავებული არც პრემიერის ადმინისტრაციაში, არც პარლამენტში, არც განხილულა პარლამენტში. 

მე მეუბნებიან იმას, რომ როგორ ბედავთო წარმომადგენლობის როლის აღებას საგარეო პოლიტიკაშიო, როცა პარლამენტი არის მთავარი ახალი პოლიტიკის წარმოებაში, კონსტიტუციაში ასე წერია", - თქვა ზურაბიშვილმა. 

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დოკუმენტი პრემიერის ადმინისტრაციაში არ შემუშავებულა და მისი განხილვა არც პარლამენტში მომხდარა. კითხვაზე, თუ სად შემუშავდა, ვარაუდობს, რომ ჩინეთში.  

"სად [შემუშავდა] არ ვიცი, ჩინეთში, ალბათ. წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი აბზაცია, ორი მაინც, ერთი, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენობას და სადაც ერთი ზოგადი წინადადებაა, რომ ყველა ქვეყნის ტერიტორიული სუვერენობა არის აღიარებული და მერე გარკვეულად, ძალიან მკაფიოდ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ერთიანი ჩინეთი, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანუ დისბალანსი აქ ძალიან ნათლად ჩანს და მეორე არის ჩვენი შეფასება ჩინეთის მმართველობის, იმ დროს, როცა ჩვენი მმართველობის მოდელი მიდის დემოკრატიული რეფორმებისკენ. ამიტომ, ძალიან ბევრი კითხვა ისმევა ამ დოკუმენტის მიმართ", - აცხადებს ზურაბიშვილი. 

კითხვაზე, მიზანმიმართულია თუ არა ეს კურსი, პრეზიდენტი ამბობს:

"არ ვიცი, მე სხვის ტვინში ვერ ჩავჯდები, მე შემიძლია ვიმსჯელო იმაზე, რაც ჩანს". 

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელი გასული წლის ივლისში მოეწერა. 


close დახურვა