„საქართველოს უმძიმესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პოლიტიკა, მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უშლის.
პრეზიდენტმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს არსებული გამოწვევები ერთი ქვეყნის საზღვრებით აღარ შემოიფარგლება.
„საქართველომ, რომელმაც 70 წელი ჩაკეტილ საბჭოთა საზღვრებში, დანარჩენი მსოფლიოსგან მოკვეთილმა, სრულ იზოლაციაში გაატარა, ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოსთან დაბრუნების ახალი გზა გაიარა. დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა კუთხეში დაიმკვიდრეს თავი; საზღვრები ღიაა ჩვენთვის, ჩვენი საზღვრები კი - სხვისთვის, და, რაც მთავარია, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად, ხოლო ჩვენთან მიმდინარე მოვლენები - მსოფლიოსგან დამოუკიდებლად ვეღარ მოიაზრება.
"დღევანდელი გამოწვევები მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ ვლინდება და არც ერთი ქვეყნის საზღვრებით შემოიფარგლება. დღეს ყველა დიდი გამოწვევა გლობალურ მასშტაბს იძენს და არავინ იცის, სად ამოფეთქავს და სანამდე გავრცელდება. ამის უახლესი მაგალითია ახალი ვირუსული დაავადება, რომელიც ჯანდაცვის ფარგლებს სცილდება და პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური შედეგებით იზომება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი ბრექსითის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირი დღეს ისეთი აღარ არის, როგორიც მაშინ იყო, როდესაც საქართველო ასოცირების გზას დაადგა, შესაბამისას ის ჯერ ისევ ვერ ყალიბდება ჩვენი ქვეყნის მიმართ ურთიერთობებზე.
„დღევანდელი ევროკავშირი, ბრექსითისა და გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, როგორიც, თუნდაც, სულ რამდენიმე წლის წინ იყო - როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას.
ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან; რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს; როგორ არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც, გაფართოების პოლიტიკის სახით, ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპას და მის ახალ წევრებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.