logo
ENG



ზურაბიშვილი EU-ს კითხვარზე: რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ალბათ, ეს დღე არ დადგებოდა

11 აპრ 202218:15
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი EU-ს კითხვარზე: რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ალბათ, ეს დღე არ დადგებოდა
საქართველოს მთავრობა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი საქართველოსთვის არაჩვეულებრივი, ახალი შანსია.

ზურაბიშვილის თქმითვე, საქართველოს ისტორიაში ეს ღირსშესანიშნავი დღეა და "რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა".

"დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი, ესეც კარგად თუ გამოგვივიდოდა. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას.

ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ, ცხადია, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას - კომისიას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ ალბათ, ამას უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა. ყოველ შემთხვევაში, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე, ამას ვერავინ ვერ იტყოდა.

ევროკავშირმა გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან, გადაწყვიტა აეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე ბრიუსელში როცა ვიყავი და რაც მერე გადავიდა რეალობაში. დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი" - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გადაეცა

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა. 

 


close დახურვა