logo
ENG



ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: დავიღალე, თუ ვერ კითხულობთ, ქართული არ გესმით, თქვენი პრობლემაა

17 ივლ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, საქმეზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა, მედიას კიდევ ერთხელ მიმართა აგრესიულად და ჩაგვრაში დაადანაშაულა. 

 ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ამავე საქმეზე მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და თქვა, რომ გარკვეული ტელევიზიები მის მიმართ ბულინგს ახორციელებენ. ზურაბიშვილის თქმით, მას განცხადებაში ერთი-ერთზე ჩხუბი არ უგულისხმია.

„დავიღალე თქვენი, უფრო სწორად რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემს მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, ეს თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემა არის. მცდელობა, რომ მე გამასაღოთ როგორც პრო-მოძალადე არის ძალიან სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი.

თუ ვერ გაიგეთ, წაიკითხეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ კითხვა. მე რაც ვიგულისხმე არის, რომ ერთი-ერთზე არის ყველაფერი, არ მითქვამს ერთი-ერთზე ძალადობა კარგი არის. ვთქვი ვაჟკაცობა არის ერთი-ერთზე და ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, ლაპარაკი, სიყვარული.. ალბათ არ იცით“,-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა განაცხადა რომ ადამიანზე ჯგუფური ძალადობა მიუღებელია.

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, ეს არაქართულია" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას.

 

 


close დახურვა