logo
ENG



ზურაბიშვილი შაქარაშვილის საქმეზე: ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, არაქართულია

15 ივლ 202011:28
3 წუთის საკითხავი
 

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, ეს არაქართულია" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას.

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მისივე თქმით, უკეთესი იქნებოდა საქმის გამოძიების პროკურატურისთვის მინდობა და არ ჩარევა:

"არ ვიცოდი, რომ საქართველოში ამდენი გამომძიებელი იყო. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გავხდე. პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე", - თქვა მან.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 


close დახურვა