logo
ENG



ზურაბიშვილი სააკაშვილზე: უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ყოფილ პრეზიდენტს, ქვეყანას ეკადრება

13 მაი 202214:40
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ქვეყნის რეპუტაციისთვის" აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პირობები უზრუნველყოფილი იყოს ისე, როგორც "ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს".

"ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას, ამაზე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. მე მიმაჩნია, რომ დღეს აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი იყოს გაკეთებული, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს, რაც ეკადრება ქვეყანას"- თქვა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება მოთხოვნას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე, ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ ამის აუცილებლობას ვინმე დაადასტურებს, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

"მე ამას ვერ შევაფასებ. სანამ ეს არ არის დადასტურებული, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არის ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს"- თქვა ზურაბიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში 12 მაისს გადაიყვანეს. 

სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.  

ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითოვენ.


close დახურვა