სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების და ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს ხვდება, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
პრეზიდენტი უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
შეხვედრები დასრულდა ლელოს და გირჩის წარმომადგენლებთან.
ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული ანულირებისა, მმართველ გუნდს 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულება მოუწევს.
"ქართულ ოცნებას მოუწევს ყველა ვალდებულების შესრულება, რაც არ უნდა შეეცადოს ადამიანების და ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, თითქოს მათ შეუძლიათ, ეს ხელშეკრულება გააუქმონ. თუ ისინი გააგრძელებენ ასეთ მოქმედებას, ქართული ოცნების ლიდერების მიმართ აუცილებლად დადგება სანქცირების საკითხი. ეს იქნება გარდაუვალი". - თქვა ჯაფარიძემ.
"ჩვენ გვქონდა შეთანხმება. შარლ მიშელის დოკუმენტი, თავისი შინაარსით, არის კონსტიტუციური ჩარჩო. ვინაიდან არ გვყავდა არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით, ამ ადამიანებმა შეასრულეს ეს როლი. ქართულმა ოცნებამ ხო დაგვაიგნორა, ამასთან, არ გაითვალისწინა ის, რომ მე მათთან კი არ მქონდა კონტრაქტი, არამედ ევროპელებთან და ამერიკელებთან. ეს მოვუყევი ქალბატონ სალომეს". - თქვა გირჩის ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიწვევა მიიღო სტრატეგია აღმაშენებელმაც, თუმცა, გიორგი შეხვედრაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა. ის ელოდება, როგორ შეაფასებს სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების მხრიდან ცალმხრივად გაუქმებას.
სალომე ზურაბიშვილს დღეს შეხვდება ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, არჩილ თალაკვაძეც.
28 ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა.
ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ უარი თქვა ვალდებულებაზე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაატაროს, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
შეთანხმებიდან გასვლამდე ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა დოკუმენტით აღებული ვალდებულება, პარლამენტს შეეჩერებინა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე და 6 მოსამართლე უვადოდ განაწესა.
შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ენმ-ს, ელენე ხოშტარიას და ევროპულ საქართველოს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.