logo
ENG



ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის უფროსი ჩინეთის ელჩს შეხვდა

14 ნოე 202313:38
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილის LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის პრეზიდენტზე.

მისი თქმით, მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც მას ჰკითხეს, იმედოვნებს თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდესმე გასამართლდებიან? "სი ძინპინი უიგურების გენოციდისთვის, პუტინი კი ბრალდებულია ომის დანაშაულისთვის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულისთვის", რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა: "მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა".

ამ განცხადების გამო გუშინ, 13 ნოემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა და მასთან სინანული გამოხატა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ზურაბიშვილის განცხადება "არ დააზიანებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას".


close დახურვა