საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მას ევროპარლამენტისთვის სიტყვით უნდა მიემართა, გადაიდო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია, თუ რატომ გადაიდო ვიზიტი.
"18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ქართულმა მხარემ გააუქმა.
"საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტი აღარ მიმართავს მომავალ კვირას სტრასბურგში დაგეგმილ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას, ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა", - წერს ის Twitter-ზე.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში ვიზიტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა.