საქართველოს პრეზიდენტმა, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის აფასებს მის პოზიციას, რომ არ ითხოვს შეწყალებას.
ზურაბიშვილის თქმით, ნიკა გვრამიას საქმეზე, "რაც იქნება და როგორც იქნება თავის დროზე" იტყვის.
"ევროპარლამენტარებს ვუთხარი პირდაპირ, რომ პატარა ქვეყანა, რომ ვართ ეს არ ნიშნავს, რომ ნება აიღონ თავიანთ თავზე და ისეთი გზავნილი იყოს ჩემზე პიროვნულად, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ. ამის უფლება არავის არ აქვს, არცერთი ქვეყნის მიმართ. იმიტომ, რომ საქართველო არის არანაკლები თანასწორი ქვეყანა და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის მისი დისკრეციული უფლება. [ხელმოწერები და თხოვნები] პირიქით მოქმედებს ჩემზე, რადგან ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება. მე ვაფასებ მის [გვარამიას] პოზიციას. რაც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე."- განაცხადა ზურაბიშვილმა.
* * *
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.