logo
ENG



ზურაბიშვილის თქმით, სებ-ის საბჭოს წევრად თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის

20 სექ 202317:33
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ ეს ერთპიროვნული იყო და ამის შედეგად, ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიადგა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენის გამო ის ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ მან, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ამ პროცესს ზიანი მიაყენა.

"პირადად ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატს, ქალბატონი ნათია თურნავა და მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და თუნდაც, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები და პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის მოვალეობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს.

დროა, ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს იქნება პირველი ამ საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ეს შესაძლებელია, მიუხედავად იმ სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის, რადგანაც მათ გააჩნიათ კიდევ ორი თვის მანძილზე ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. ანუ გადადგომის ვადაა ორი თვის შემდეგ, ანუ საბჭო სრულიად ფუნქციონირებს და შეუძლია, მიიღოს ყველანაირი გადაწყვეტილება.

ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიაყენოს ქვეყანას და ასევე, საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი. ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ფინანსური-ეკონომიკური მდგრადობა და საერთაშორისო რეპუტაცია ამ დარგში. არავის არ აქვს უფლება, რომ ვიწრო ინტერესების გამო მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები", - განაცხადა მან.

ამავე დროს, ის ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც სებ-ის გადაწყვეტილებას უძღოდა წინ და აღნიშნავს, რომ ის შეიცავდა მუქარას. ზურაბიშვილი ამ განცხადებას "უღირსს საქციელს" უწოდებს - მისი თქმით, კიდევ უფრო მიუღებელი იყო ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი ამას დაემორჩილა.

"ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია, მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება საქართველოს ბანკის საქმიანობა კი მისი დამოუკიდებლობაა, ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციით, ამდენად, მე ვთვლი, როგორც პრეზიდენტი, რომ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა. სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებელი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირსი საქციელი.

ეს იყო, ასევე, ერთპიროვნული გადაწყვეტილება, საბჭოს ყველა წევრის ვიცე-პრეზიდენტის, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდით ავლით, არც კონსულტაცია არ ჩატარებულა, არც მათი წინასწარ გაფრთხილება. ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი. ამ მოვლენების შედეგად, გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებულ იქნა სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ და სწორედ იმათ მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ-ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამან თავისი გავლენა იქონია საზოგადოების განწყობებზეც.

მე მინდა, მივმართო საზოგადოებას, რათა ამ უღირს ქცევებს და ამ ქცევების მიუხედავად, არ მიცეს პანიკური რეაქციის შედეგი, რამაც შეიძლება, კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად, არსებობს გამოსავალი, რიგი ნაბიჯების, რაც უნდა იყოს გადადგმული, ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად", - აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას კანდიდატურა 2022 წლის 24 მაისს წარუდგინა. 

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანაცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.


close დახურვა