logo
ENG



ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრებად პარლამენტს ახალი კანდიდატები წარუდგინა

14 სექ 202318:02
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრებად პარლამენტს ახალი კანდიდატები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ახალი კანდიდატები წარუდგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს კანდიდატები არიან - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი.

***

2023 წლის 16 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქარაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარადგინა. 

მოგვიანებით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ 2 კანდიდატურას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

***

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო, რომელიც უმრავლესობამ 13 ივნისს დაძლია. 

7 ივნისს, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მმართველი გუნდის მტკიცებით, "პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია".

ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში საუბარი იყო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა.

ამავე განცხადებაში, ოცნებამ თქვა, რომ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.

***

საბჭოს კანდიდატების შერჩევას წინ უძღოდა ხმაურიანი პროცესი, რაც მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების დაინიცირებას. 9 თებერვალს პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გაჩენას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.

ეროვნული ბანკის საბჭო

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

  • საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია;
  • საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. 
  • ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.

close დახურვა