logo
ENG



თაბაგარი: არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა

16 ივლ 202114:52
3 წუთის საკითხავი
 
თაბაგარი: არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / ფორმულა

Tbilisi Pride-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ქმედებები - 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების და ფიგურანტების სახლების ჩხრეკა და გამოკითხვაზე დაბარება არაფერს შეცვლის, სანამ ყველა მათგანი ციხეში არ აღმოჩნდება, ხოლო პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას. 

თაბაგარმა პრაიდის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები და შსს-სთან კომუნიკაცია გაიხსენა. 

"შსს-ს 5 ივლისამდე ყოველ შეხვედრაზე ვაწვდიდით ინფორმაციას ალტ ინფოს ორგანიზებაზე, პირადადაც ჩავურთე ვიდეო ზურა მახარაძის ძალადობრივ მოწოდებაზე, იმეილებზეც დავუგზავნეთ სქრინები. მაშინ გამოკითხვაზე დაიბარეს თავის მოსაჩვენებლად და შემდეგ შეხვედრაზე თავიც მოიწონეს, აი ხო ვმუშაობთო..

შემდეგ იყო 1 ივლისი და ფილმის ჩვენება, სადაც ბოთლებს, ქვებს და კვერცხებს ისროდნენ გავეშებული ტერორისტები, ცდილობდნენ შენობაში შემოჭრას, სწორედ ალტ ინფოს ორგანიზებით. ხილული ძალადობაც არ აღმოჩნდა საკმარისი მათ დასაკავებლად.

5 ივლისამდე თუ ცოტათი საბელზე ჰყავდათ გამობმული, ხუთში საბოლოოდ აუშვეს ველური ცხოველები და პირდაპირ მოგვიქსიეს აქტივისტებს და ჟურნალისტებს. პუბლიკას მომზადებულ ვიდეოში ძალიან კარგად გამოჩნდა თუ როგორ ითანამშრომლა პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან და მათ ლიდერებთან. იმაშიც გამოჩნდა თუ რა ოპერატიულად იღებდნენ ეს ჯგუფები ჩვენი გადაადგილების მარშრუტებს და როგორღაც ყოველ ჯერზე პოლიციაზე ადრე ახერხებდნენ ყველგან მისვლას.

ამიტომ არავინ ჭამს ამ ფაფხურს, სანამ ყველა ძალადობის ორგანიზატორს არ ვნახავთ გისოსებს მიღმა! სანამ პოგრომის თანამონაწილე ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას".- წერს გიორგი თაბაგარი. 

დღეს, 16 ივლისის დილიდან, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად დაიწყო  5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების სახლებში ჩხრეკა და მათი გამოკითხვებზე დაბარება. 

განყოფილებაში გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე იმყოფება პრორუსული პლატფორმა ალტ-ინფოს ხუთი წარმომადგენელი - შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კონსტანტინე მორგოშია. გამოკითხვაზე მივიდა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა. 


close დახურვა