თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილს საპასუხოდ ამბობს, რომ 2019 წელს "ხილული დანაშაული" ხდებოდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ისინი მაშინ "მოძალადე ჯგუფებს შეატოვა".
მანამდე, ნათია მეზვრიშვილმა იგი ფორმულას გადაცემა "კომენტარში" საუბრისას ტყუილში დაადანაშაულა, რომ ორი წლის წინ პოლიციამ "პოლიციამ ძალადობა დაუშვა".
"კონკრეტულად ლევან ვასაძემ იმ ზაფხულს 14 სხვადასხვა მუხლი დაარღვია. შექმნა ბანდ-ფორმირებები, დასდევდნენ ადამიანებს და გვემუქრებოდნენ. გვაშინებდა სახელმწიფოც.
ჩემი სამოქალაქო აქტივიზმის მეხსიერებაში, რომელიც აგერ უკვე 10 წელზე მეტს ითვლის, 2019 წელი იყო ძალიან დიდი ჩავარდნა სახელმწიფოსთვის.
იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ დაუპირისპირა ვერაფერი მოძალადე ჯგუფებს და ისევ ჩვენი გადამალვით ცდილობდა ფონს გასვლას.
"ვერ დაგიცავთ, რაც გინდათ ის ქენით" იყო შსს-ს პასუხი 2019 წლის ღირსების მარშზე და პირდაპირი გაგებით შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს.
დაგვტოვა ჩვენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებთან - გავიდოდით თუ არა და გავრისკავდით თუ არა სიცოცხლეს.
არ მინდოდა ამ ამბების კიდევ ერთხელ წამოწევა, მაგრამ ისტორია ვერ გადაიწერება ასე მოკლე დროში. აგერ, გუშინ ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ძალიან კარგად ჩანს რა ხდებოდა რეალურად 2019 წლის ივნის-ივლისში. აქვე დავამატებ, რომ მარტო შსს-ზეც არ მინდა გადატყდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობები. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უნდა ჰქონდეთ პირველ რიგში პოლიტიკური ნება და ჩემს წარმოდგენაში 2019 წელს ხელისუფლებას ეს ნება არ ჰქონდა", - წერს გიორგი თაბაგარი ფეისბუქის გვერდზე.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრის ნათია მეზვრიშვილის თქმით, გიორგი თაბაგარი ცრუობს, როცა ამბობს, რომ შსს-მ 2019 წელს თბილისი პრაიდი არ დაიცვა.
"ბატონი გიორგი თაბაგარი ცრუობდა. ვერ მიჩვენებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა პოლიციამ, მაშინ, როცა ჩვენ ვიყავით შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციამ ძალადობა დაუშვა ან იქ, სადაც ძალადობა მოხდა, დაუყოვნებლივ არ აღკვეთა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს", - თქვა მან.
ნათია მეზვრიშვილი ამით გიორგი თაბაგარის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც ფორმულასთან საუბარში აღნიშნა, რომ 2019 წელს მიიღეს შეტყობინება უსაფრთხოების გარანტიების არარსებობაზე.
"გაგვიჭირდა შსს-სთან ადეკვატური კონტაქტის დამყარება და მხოლოდ მარშის დღეს როცა ვაპირებდით გარეთ გასვლას, მივიღეთ მათი შეტყობინება, რომ არ დაგვიცავდნენ, მათ შორის არ დაგვეხმარებოდნენ არც ტრანსპორტით, რომ ადამიანები მიგვეყვანა უსაფრთხოდ. მაშინ ადგილმდებარეობა არც კი იყო გასაჯაროვებული და ასეთ პირობებშიც კი ვერ ვითანამშრომლეთ ეფექტიანად", - განაცხადა თაბაგარმა.
ღირსების მარში პირველად 2019 წლის 13-23 ივნისს, LGBT კვირეულის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის და 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაწყებული აქციების გამო, ღონისძიება დროებით გადაიდო.
ინფორმაცია, რომ მარში 8 ივლისს გაიმართებოდა, ცნობილი 7 ივლისს გახდა, თუმცა, მალევე, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა "მობილიზაცია გამოაცხადეს" და Tbilisi Pride-ს აქტივისტების და მხარდამჭერების "ქამრებით გათრევა" დააანონსეს.
ამის შემდეგ, შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებთან კონტაქტი შეწყვიტა.
მაშინ გიორგი თაბაგარი ამბობდა, რომ უწყების წარმომადგენლები Tbilisi Pride-ის აქტივისტებს ოპოზიციური პარტიების მიერ მართულ ჯგუფებად მოიხსენიებდნენ. მისივე თქმით, უწყებამ უარი თქვა პრაიდთან პირდაპირ კონტაქტსა და თანამშრომლობაზე. ასევე, არ დააკმაყოფილა ორგანიზატორთა თხოვნა, გამოეყო ტრანსპორტი მონაწილეთა გადასაყვანად და ომბუდსმენის მეშვეობით შეუთვალა: "რაც გინდათ ის ქენით, თანამშრომლობა არ შედგება".
იმის გამო, რომ სამინისტრო ღირსების მარშის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აქცია შსს-სთან გაემართათ და სისტემა გაეპროტესტებინათ.
ძალადობრივმა დაჯგუფებებმა აქციის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს, რის გამოც, თბილისი პრაიდმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოგვიანებით მათ შსს-სთან მაინც ჩაატარეს ხანმოკლე საპროტესტო აქცია მანამ, სანამ მათ დასარბევად ძალადობრივი ჯგუფები მივიდოდნენ.
2 წლის შემდეგ თაბაგარი 2019 წლის მოვლენებს იხსენებს, ნათია მეზვრიშვილმა კი სწორედ ამას უწოდა სიცრუე.