logo
ENG



თავდაცვის მინისტრი: ერთადერთი ხელისუფლება ვართ, ვინც შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან აირიდა

08 აგვ 202112:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/08/6zcg2b6izneifuz.jpg

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ერთადერთია, რომელმაც ქვეყანას "ყველა სახის შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან აარიდა".

მინისტრმა მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს. 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა თავდაცვის ძალებმა, კიდევ უფრო მეტი სამოქალაქო პირი შეეწირა აგრესიას. ასევე, დაშავდა ათასობით პირი ქართული მხარის მხრიდან და ყველას მხარდაჭერას აღუთქვამს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, აღკვეთოთ და შევამციროთ რისკები, რომ ჩვენმა ქვეყანამ აიცილოს ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი.

საზოგადოება ამ გამოწვევის წინააღმდეგ უნდა იყოს გაერთიანებული. არ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა აზრი. რაც შეეხება ხელისუფლებას, თუ გადახედავთ, ჩვენი ხელისუფლებაა ისტორიულ მონაკვეთში ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აირიდა ყველა სახის შეიარაღებული კონფლიქტი", - თქვა ბურჭულაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ სოციალური თვალსაზრისით უწყებამ პირობები გააუმჯობესა და დაღუპული სამხედროების ოჯახებს "მაქსიმალურად მხარში უდგას". 

"სოციალური თვალსაზრისით ჩვენ გავაუმჯობესეთ ყველა პირობა. დაჭრილ-დასახიჩრებულების ანაზღაურება გავაოთხმაგეთ ფაქტობრივად. ასევე, ვმუშაობთ ინდივიდუალურად ყველა ოჯახთან, ყველა დაღუპული სამხედრო პირის ოჯახთან და მაქსიმალურად მხარში ვუდგავართ", - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

5-დღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, სამხედრო ესკალაცია იმავე წლის აპრილიდან დაიწყო და მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი NATO-ს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ არ გააკეთებდა "ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება". 

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ფიქრობენ, რომ ომი 2008 წლის აგვისტოს 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო. მათი შეფასებით, ომი დაიწყო 8 აგვისტოს, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარს ცეცხლი გაუხსნა. 

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 


close დახურვა