logo
ENG



თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ნაცვლად, პარტიულ პიარში ხარჯავს

03 მარ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ნაცვლად, პარტიული პიარისთვის იყენებს. 

ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის, მათ შორის „ფორმულას“ სიუჟეტების კრიტიკითაა დაკავებული. მაშინ როცა ეს, - სპეციალურად შექმნილი დეპარტამენტი,  რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში, ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის გამოვლენასა და განეიტრალებას უნდა ემსახურებოდეს.

თავდაცვის სამინისტროს „სტრატკომის“ ვებგვერდს რუსეთიდან მომდინარე მტრულ დეზინფორმაციაზე არცერთი მასალა არ მოუმზადებია. მათი ინტერესის საგანი ვერც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა გახდა, რომლის უკან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო იდგა. 

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კონკრეტული კომპანიის ლობირების შესახებ „ფორმულას“ მიერ მომზადებული რეპორტაჟი იმ მასალებს შორის მოხვდა, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის ვებგვერდზე დეზინფორმაციად არის შეფასებული. მინისტრის და არა სამინისტროს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაზე მომზადებული მასალა სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მოტივით არის გაკრიტიკებული. ორგანიზაცია ფაქტჩეკში, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს სოციალური ქსელის შინაარსი შეისწავლა, ამბობენ, რომ სტრატეგიული კომიტეტი  პოლიტიკური მოტივებით მოქმედებს. 

რუსული საინფორმაციო ომისგან ქვეყნის დაცვა, ნატოსკენ ქვეყნის მისწრაფების ლობირება და დასავლური ღირებულებების ხელშეწყობა - ასე განმარტავენ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სპეციალისტების თავდაცვის სამინისტროს ფუნქციებს. თუმცა, ისინიც თანხმდებიან, რომ მთავრობა „ქართული ოცნების“ ინტერესებს იცავს და ხშირად ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებასაც კი უწყობს ხელს. ამის მაგალითად კი სპეციალისტები ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ასახელებენ, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ინტერნეტგვერდები და ანგარიშები ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობდნენ ხელს. 

გადასახადების გადამხდელთა ფულის მტრული სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოყენებაზე ლაპარაკობენ ოპოზიციაში. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მოქმედება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ფაქტჩეკის ანგარიშს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს უკავშირებენ და ორგანიზაციას პოლიტიკური მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ.

სტრატკომის“ მიზნებსა და ფეისბუკ-გვერდის შინაარსზე თავდაცვის სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ. 


close დახურვა