logo
ENG



თავისუფლების ინსტიტუტი: სატრანსპორტომ რუსული პროდუქციის შემომტანს ₾1 489 710 გადაუხადა

17 დეკ 202318:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/17/r2gfy8nuz9m6mdz.jpg

თავისუფლების ინსტიტუტის თანახმად, თბილისის მერიის მფლობელობაში არსებულმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2 ტენდერში 1 489 710 ლარი გადაუხადა საქართველოში რუსული პროდუქციის შემომტანს.

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2023 წლის მაისის თვეში გამოაცხადა ტენდერი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და რკინიგზის საშენი მასალების შესაძენად. ტენდერის დასრულებამდე 2 დღით ადრე მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო - შპს ბეთანი. კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა და სამუშაოების ჩასატარებლად 945 610 ლარი მიიღო.

გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანიამ შპს ბეთანის გასული წლის 13 ოქტომბერს კიდევ ერთი ტენდერი გაუფორმა - 544 100 ლარის ღირებულების სალიანდაგო ზედნაშენის გასაკეთებლად.

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, შპს ბეთანი 2003 წლიდან არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. კომპანიის 100% წილის მესაკუთრე ლერი მოსაშვილია. თავისუფლების ინსტიტუტმა გამოიკვლია ორივე ტენდერი და დაადგინა, რომ აღნიშნულ კომპანიას რუსული და ბელორუსული ნაწარმი შემოაქვს საქართველოში და ოკუპანტი ქვეყნის 13 კომპანიასთან თანამშრომლობს.

კომპანიების ჩამონათვალი:

  • დახურული სააქციო საზოგადოება გომელის ვაგონთმშენებელი ქარხანა (ЗАО Гомельский вагоностроительный завод)
  • ღია სააქციო საზოგადოება სევერსტალ-მეტიზი (ОАО Северсталь-метиз)
  • შპს ვოლჟანინი (ООО ВОЛЖАНИН)
  • შპს პროექტების ლიგა (ООО Лига проектов)
  • შპს ნიჟნი-სალდინსკის მეტალურგიული ქარხანა (ООО Нижнесалдинский металлургический завод)
  • შპს პოლიპლასტი (ООО Полипласт)
  • შპს ტეხნოსტროი (ООО Технострой)
  • შპს სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება გამოყენებითი პერსპექტიული ტექნოლოგიები აპატეკი  (ООО НПП «ПРИКЛАДНЫЕ ПЕРСПЕКТИВНЫЕ ТЕХНОЛОГИИ - АпАТэК)
  • სააქციო საზოგადოება ლიტმაშდეტალი АО ЛИТМАШДЕТАЛЬ
  • შპს სტროი უნივერსალი ООО СТРОЙ УНИВЕРСАЛ
  • შპს მილების ინდუსტრიის კომპანია - მეტიზის ალიანსი (ООО ТПК МЕТИЗНЫЙ АЛЬЯНС)
  • სამშენებლო-სამრეწველო ღია სააქციო საზოგადოება გეტზ (СП ОАО ГЭТЗ)
  • შპს კრამატორსკის სპეციალური სამაგრების ქარხანა (ООО Краматорский завод специального крепежа)

ასევე დადგინდა, რომ ღია სააქციო საზოგადოება სევერსტალ-მეტიზი (ОАО Северсталь-метиз) სააქციო საზოგადოება სევერსტალის (Северсталь) შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2022 წლის მარტში დაასანქცირა ამერიკამ და ბრიტანეთმა. ასევე სანქციების ქვეშაა კომპანიის მფლობელი ალექსეი მორდაშოვი, რომელიც სანქციების სიაში მოხვდა უკრაინაში რუსეთის ომის ხელშეწყობის გამო.

"საქართველოს საბიუჯტო სახსრები მიემართება ოკუპანტი სახელმწიფოს კომპანიებში. ამ შემთხვევაში შპს “ბეთანის” გავლით, შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” დაკვეთით, ჯამში 1 489 710 ლარი გადავუხადეთ კრემლის ეკონომიკურ ვერტიკალს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას თავიდანვე შეეძლო სატენდერო დოკუმენტაცია იმგვარად განესაზღვრა, რომ დაებლოკა ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქცია და პირდაპირ გაეწერა შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლები წარმომავლობის ჩათვლით", - წერს თავისუფლების ინსტიტუტი.


close დახურვა