პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით არჩევნების ჩატარების თარიღიც განისაზღვრა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ საკითხით სპეკულაცია არ მოხდეს, კანონპროექტში ჩაიწერა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
ამასთან პარლამენტის თავმჯდომარემ ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დეპუტატებს მოუწოდა, პროექტს მხარი დაუჭირონ.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია და მინდა ამოვწურო ეს საკითხი, რომ ზუსტად ჩვენი მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში დააკონკრეტა საპარლამენტო არჩევნების თარიღი. ეს იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაციები. მოგეხსენებათ, წარსულში კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას, არჩევნების ვადებთან დაკავშირებით მანევრირების კუთხით. დღეს ეს შესაძლებლობა არ არსებობს, კონკრეტული თარიღია მითითებული ჩვენს მიერ შემუშავებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა. შესაბამისად არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში - ეს არის 31 ოქტომბერი. არჩევნების თარიღი არის ძალაში და უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას და რა თქმა უნდა დემოკრატიული, თავისუფლი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ჩვენს მოქალაქეებს, პარტნიორებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, მხარი დაუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება. ამით ჩვენ მივიღებთ პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებულ სისტემას, რაც დაგვეხმარება სტაბილური, საქმიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.