პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე მკაცრი სანქცია განისაზღვრება.
თალაკვაძის თქმით, მსგავსი ქმედების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება და ფულადი ჯარიმისა და შინაპატიმრობის გარდა, სანქცია შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთაც.
"ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქცია განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსში. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან, ორ წლამდე. ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. შესაბამისი ცვლილებები დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა თალაკვაძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.