logo
ENG



თალაკვაძე: აშკარაა, რომ ნიკა მელიამ განზრახ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა

23 თებ 202111:38
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი ნიკა მელია "ძალის გადამეტების გარეშე დააკავა". 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მელიას არაერთხელ შესთავაზეს, გირაო გადაეხადა, თუმცა მან "პროვოკაციული გზა აირჩია".

"როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში - სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. 

თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში, მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. აშკარაა, რომ მან განზრახ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში.

სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება, თავისი არგუმენტები წარადგინოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. 


close დახურვა