პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი გახარიას გადადგომის მიუხედავად, მმართველი გუნდი ერთიანია და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაში არიან და მათ მუშაობაში წყვეტა არ იქნება.
თალაკვაძის თქმით, კანონის უზენაესობა მომავალი სტაბილური პოლიტიკური სისტემის გარანტიაა.
"კანონის უზენაესობა არის ერთადერთი მყარი საფუძველი იმისა, რომ მომავალში გვქონდეს კანონის უზენაესობა, სტაბილური პოლიტიკური სისტემა და პარტიებს შორის ისეთი სამართლიანი წესები, რომ არსებობს შეთანხმება, რომ მხოლოდ საარჩევნო ყუთის გავლით მოხდება ცვლილება. ამ ფონზე გიორგი გახარია, სამწუხაროდ, გადადგა. მან გადადგომის მიზეზები განმარტა. პოლიტიკური გუნდი ერთიანია და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაშია. დესტაბილიზაციის არანაირ მცდელობებს არ დავუშვებთ", - განაცხადა თალაკვაძემ.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მელიას დაკავება დროებით გადაიდო. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს სხვა ენმ-ის თავმჯდომარის დაკავების ვადებთან დაკავშრებით თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, რაც წყალგამყოფი აღმოჩნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 17 თებერვალს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეცვალა. ბრალდება ენმ-ის თავმჯდომარისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
იქამდე კი პარლამენტმა ნიკა მელიას მეორედ მოუხსნა იმუნიტეტი და პროკურატურას ნება დართო მელიას დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.