logo
ENG



თალაკვაძე: ვაპირებთ, რომ არჩევნებზე 40%-ზე ბევრად მეტი ხმა მოვიპოვოთ

09 მარ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

თალაკვაძის თქმით, მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი გუნდი საზოგადოების აზრს ითვალისწინებს. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსს, კერძოდ კი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს მოლაპარაკებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც იცით გუშინ პოლიტიკური მოლაპარაკებები დასრულდა დადებითი შედეგით და შეთანხმებით, ყველა ძირითად საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ამით "ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა. მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება არის მიღწევა და პროგრესული გადაწყვეტილება ყველა მხარისთვის. ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც აჩვენა რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა მზად არის დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება სამართლიანად. 2012 წლიდან საქართველოში არჩევნები ტარდება დემოკრატიულად და მიზანია, რომ 2020 წლის არჩევნებიც ჩატარდება დემოკრატიულად. გადაწყვეტილება მიმართული იყო დეესკალაციისკენ, რათა ჩვენ გვეჩვენებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის და პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლება პატივს სცემს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას. ჩვენი პარტია არის მომავალზე ორიენტირებული. გვაქვს გეგმები, რომელიც უკავშირდება მომავალს. შესაძლებლობა გვაქვს ყველას, რომ მზადება დავიწყოთ არჩევნებისთვის. გუშინ დოკუმენტები, რომლებსაც მოვაწერეთ გამოქვეყნდა საჯაროდ. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე განაწილებით. ჩატარდება 1%-იანი ბარიერით. იქნება დაცული პრინციპი, რომ პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ვერ დააკომპლექტებს მთავრობას. აქვე მინდა ვთქვა, რომ არც ერთ არჩევნებზე 40%-ზე ნაკლები არ მიგვიღია. შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებშიც ვგეგმავთ რომ მივიღოთ 40%-ზე მაღალი მხარდაჭერა. თუ 2020 წლიდან 2024 წლამდე გახდა საჭირო ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ის არჩევნები ჩატარდება ამავე პრინციპით. ეს აღარ უტოვებს შანსებს დესტრუქციულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ რამენაირად გააგრძელონ მცდელობა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია გახდეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება. 

გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.

 


close დახურვა