logo
ENG



თალაკვაძე: თუ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებებს გადახედავს, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის

06 აპრ 202115:10
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: თუ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებებს გადახედავს, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

თალაკვაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება განაახლებს ოპონენტებთან დიალოგს იმ შემთხვევაში, „თუ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებებს გადახედავს".

„ჩვენ ყოველთვის მზადყოფნა გვქონდა და ვთვლით, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს. თუ ოპოზიცია გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებებს და მოსაზრებებს იმ პირობებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ გვქონდა მსჯელობა ბოლო დიალოგზე, ჩვენ მზად ვიქნებით მომავალშიც“, - განუცხადა თალაკვაძემ ფორმულას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

7-საათიანი უწყვეტი მოლაპარაკებების ბოლოს კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება არ მიიღეს და დოკუმენტზე შეთანხმება არ შედგა. მანვე აღნიშნა, რომ იყო ელემენტები, რომელზეც მიაღწიეს თანხმობას - ეს ეხება საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების გადანაწილების რეფორმა, რაზეც მუშაობა გაგრძელდება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა. მედიაციით გამართული მოლაპარაკებების ორი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1-ელ აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება აღარ აპირებს დრო დახარჯოს ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებების შეთანხმების დასრულებით არ იყო დაინტერესებული და, შესაბამისად, მმართველი გუნდი აღარ აპირებს "არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებში“ მონაწილეობას.

 

close დახურვა