logo
ENG



თალაკვაძე: ის, რასაც ოპოზიციის ნაწილი აკეთებს არის ვაჭრობა

03 მარ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავჯდომარე ოპოზიციას ვაჭრობასა და ამერიკელი კონგრესმენის განცხადებების მათთვის სასარგებლო გადათარგმნაში ადანაშაულებს.

თალაკვაძე აცხადებს რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ვაჭრობს მანდატებით, ინტერესებითა და ხალხის ხმებით. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი განაყოფები ცდილობენ, რომ ოპოზიცია აიყვანონ მძევლად, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები არ შედგეს.

 „მინდა გითხრათ, რომ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მაღალი ალბათობით ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს დაბალი მხარდაჭერა და ჰყავს ძალიან მძიმე ბიოგრაფიის ლიდერები, რომლებიც საარჩევნო კამპანიას საზღვარ გარეთ ატარებენ, მე პირადად მოველი, რომ ამ კვირაში ისინი ბოლოჯერ გააქტიურებენ თავის ლობისტურ რესურსებს და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მიიღონ გარედან ისეთი ტიპის მხარდაჭერა, რომელიც მათ შეიძლება შიდა მოლაპარაკებებში გამოადგეთ ამ მანდატებით ვაჭრობის პროცესში. რასაც ოპოზიციის ეს ერთი კონკრეტული ნაწილი აკეთებს, ეს ერთის მხრივ არის ხალხის ინტერესებით და ხალხის ხმებით ვაჭრობა, მანდატებით ვაჭრობა და მეორეს მხრივ ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი ცდილობს ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი. ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ და ეს მოლაპარაკებების პროცესშიც ჩანს, გაკეთდა საჯარო განცხადებებიც, სადაც ლიდერები ამბობენ, რომ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა, მეც გიდასტურებთ, რომ ახლა ობიექტურად შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზიგერის განცხადებაზე - პარლამენტის თავჯდომარე ამტკიცებს, რომ კინზიგერის განცხადება ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არასწორად იყო გადათარგმნილი, მისივე თქმით, ამერიკა არასოდეს დაუჭერს მხარს ისეთი პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს.

 „კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის ოპოზიციურ დესტრუქციულ ნაწილში. დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდამჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მმართველი გუნდის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები 9 მარტამდე არ შედგება საკანონმდებლო ინიციატივა ვეღარ მოესწრება და საპარლამენტო არჩევნები მოქმედი საარჩევნო სისტემით 77/73 პროპორციით ჩატარდება.

 


close დახურვა