logo
ENG



თალაკვაძე: მზად ვართ, დიალოგი გავაგრძელოთ X მოწვევის პარლამენტში

14 ნოე 202013:20
3 წუთის საკითხავი
clock 2018

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მზად არის, ოპოზიციასთან დიალოგი მეათე მოწვევის პარლამენტში გააგრძელოს. 

"მოლაპარაკებები გრძელდება, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაახლოოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, დიალოგი განვაგრძოთ X მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა, არის უფრო მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენს მიერ ჩატარებული რეფორმები ამის შესაძლებლობას აძლევს ნამდვილად ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა". - თქვა მან. 

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით კი, შეხვედრაზე მათსა და თალაკვაძეს შორის რთული საუბარი შედგა. 

მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ დღეს ხელისუფლება ოპოზიციას კონკრეტულ წინადადებას შესთავაზებდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ იმასაც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 ნოემბერს შემაჯამებელი სხდომის ჩატარებამ და ოპოზიციის და NGO-ების ყველა საჩივრის დაუკმაყოფილებლობამ დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა თქვა, თალაკვაძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში "აღმაშფოთებელი შეთავაზებით" მივიდა. თუმცა, რა იყო ეს ინციატივა, ელისაშვილს არ დაუკონკრეტებია. 

 ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე - მათი თქმით, ეს საკითხი არც კი განიხილება.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების პირველი რაუნდი 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაში  ოპოზიციური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის შუამავლობით. სავარაუდოდ, გაიმართება შეხვედრის მე-3 რაუნდიც. 

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნით უკვე 2 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია დღეს14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან იგეგმება. 


close დახურვა