logo
ENG



თალაკვაძე: მოველით, რომ საზოგადოება დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენთვის

31 ოქტ 202009:55
3 წუთის საკითხავი
 
6es2pcs675nly2j.jpg

პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ საზოგადოება ქართული ოცნებისთვის, დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, წინასწარი პროგნოზი, რომელიც "ავტორიტეტული კვლევებით" არის ნავარაუდები - 55-60%-ია.

"ყველა ავტორიტეტული კვლევებით ქართული ოცნების მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 55-დან 60%-მდე იყო. შესაბამისად ჩვენ მოველით, რომ ჩვენი საზოგადოება დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენთვის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. ასევე, არავის მისცემს საშუალებას, "თავს დაესხას დემოკრატიას და იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია".

რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ არჩევანს, თალაკვაძე აცხადებს, რომ ხმა იმ პოლიტიკურ გუნდს მისცა, რომელსაც ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია.

"დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ ამ წლების განმავლობაში, პოზიტიურად უზრუნველყოფს, ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესს და ამაში თითოეული მოქალაქის მონაწილეობა დღეს არის აუცილებელი. საქართველო მზად არის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად და მზად არის შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა