logo
ENG



თალაკვაძე: ოპოზიციას არ სურს, იყოს ოპოზიცია, ეს დემოკრატიული სისტემისთვის ანომალიაა

03 თებ 202113:35
3 წუთის საკითხავი
 

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, არ სურს, იყოს ოპოზიცია, რაც მისი შეფასებით, დემოკრატიული სისტემებისთვის ანომალიაა. 

თალაკვაძემ ეს პარლამენტში თქვა, სადაც ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას მან დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. 

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ გაითვალისწინა პანდემიის დროს არჩევნებზე მისული 2 მილიონი მოქალაქის არჩევანი. 

“პარლამენტის ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს: დიახ, თქვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ მუშაობა არ გვინდა! არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, თუმცა, გვინდა დაფინანსება და მზად ვართ, თქვენი გადასახადები დავხარჯოთ. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. გვესმის განცხადებები, რომ ცვლილებები საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს. ეს მიუღებელია - ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ! ძალადობაზე სახელმწიფოს იგივე რეაქცია ექნება, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულებას აქვს“, - თქვა მან.

თალაკვაძემ კიდევ ერთხელ უწოდა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას ბოიკოტზე პარლამენტის საბოტაჟის მცდელობა.

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმას თანხმდება, რაც სხვა პარტიებისთვის არასაკმარისია. 

ბოიკოტის გამო 2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. მოგვიანებით პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. ასევე, პარლამენტში შევიდნენ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. 

სხვა დეპუტატებმა პარლამენტს მანდატების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს, თუმცა, პარლამენტმა მათ ეს განცხადებები არ დაუკმაყოფილა. 


close დახურვა