logo
ENG



თალაკვაძე: შეთანხმების ტექსტი იღებს ისეთ სახეს, რომ სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს

17 მარ 202121:43
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: შეთანხმების ტექსტი იღებს ისეთ სახეს, რომ სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, უხარია, რომ "შეთანხმების ტექსტი იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს". 

მან განცხადება კრისტიან დანიელსონის მედიაციის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გააკეთა. 

"პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოთხოვნის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია იცით. არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება". - თქვა თალაკვაძემ. 

მან ასევე კიდევ ერთხელ უარყო ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა. 

"პოლიტპატიმრობა რას ნიშნავს, ამ ქვეყანამ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. მოდით, დღეს ამ ბრალდებებს ნუ გამოვიყენებთ, თუ გვინდა, რომ შევთანხმდეთ.  მე მიმაჩნია, რომ საკითხის ასე დაყენება ოპოზიციის მხრიდან, რომ პოლიტპატიმრები უნდა გაჩნდეს მთავარ საკითხებზე შეთანხმების საგანი, თავისთავად მიკერძოებულია და არასწორია. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ". - თქვა თალაკვაძემ. 

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დღევანდელი შეხვედრა რთული და მძიმე იყო. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი შეხვედრა "ძალიან კარგად" შეაფასეს. 

17 მარტის შეხვედრა დროზე ადრე დატოვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. 

მიზეზად მან დაასახელა ის, რომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი რიგით პირველ თემებად არ განიხილება. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 


close დახურვა