logo
ENG



თალაკვაძე: შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება

30 ნოე 201916:11
3 წუთის საკითხავი
 
4vteh06kcb8o08a.jpg

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ პარტიებთან საარჩევნო ცვლილებების საკითხის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის განხორციელება ამ კონსტიტუციის ფარგლებში შეუძლებელია და ეს დისკუსიამაც დაადასტურა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. გერმანული მოდელის გარდა, სხვა პოლიტიკური საკითხებიც განიხილეს. თალაკვაძემ არ გამორიცხა, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციები და შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს.

„შედგა პირველი შეხვედრა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც ჩვენ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ვთქვით ოპოზიციაზე, რომ ასეთი შეხვედრა პოლიტიკურ მხარეებს შორის იქნებოდა კარგი ფორმატი არგუმენტების გასაცვლელად. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისი და რა ფორმითაც ოპოზიციას ეს მოდელი ჰქონდა წარმოდგენილი, მისი განხორციელება შეუძლებელია. დღეს რამდენიმე სხვა პოლიტიკური საკითხიც განვიხილეთ და ამ საკითხების განხილვამ გვაჩვენა, რომ თითონ ოპოზიციაც ყველა საკითხზე არაა შეთანხმებული. მომავალშიც არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ შედგეს მსგავსი კონსულტაციები და ჩვენ როგორც დღეს, ასევე მომავალში ამისთვის მზად ვართ. 

ეს იყო შეხვედრა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან და ვენეციის კომისიის თანდასწრებით გაგვეცვალა არგუმენტები და გვეჩვენებინა ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი ნამდვილად საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას და სხვანაირად მისი განხორციელება არ შეიძლება. ჩვენც გულდაწყვეტილები ვართ, რომ არ მოხდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა. უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მოძრაობა. თარიღის შეცვლის გადასვლაზე საკმარისი ხმები რომ ვერ მოგროვდა, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას ასრულებს. უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის. ჩვენ მას აუცილებლად დემოკრატიულად ჩავატარებთ და გარკვეული პასუხისმგებლობა ამ არჩევნებში ოპოზიციამაც უნდა აიღოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართა. თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საარჩევნო მოდელი იყო. ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ან ე.წ. გერმანულ მოდელს. 

თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ე.წ. გერმნაული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები 2024 წლამდე არ გაიმართება. 


close დახურვა