logo
ENG



თალაკვაძე: ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუ ვინმეს სჭირდება მოწოდება, ეს ოპოზიციაა

10 ნოე 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზადაა მოლაპარაკებების დასაწყებად. მისივე თქმით, თუ ვინმეს სჭირდება დიალოგისთვის მოწოდება, ეს ოპოზიციაა, განსაკუთრებით, მისი დესტრუქციული ნაწილი. 

თალაკვაძის თქმით, ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა არის, რომ ყველამ მხარემ პატივი უნდა სცეს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს.

"ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის და ახალ პარლამენტში მუშაობისთვის. თუ ვინმეს სჭირდება ამასთან დაკავშირებით მოწოდებები, ეს არის ოპოზიცია, განსაკუთრებით, მისი დესტრუქციული ნაწილი, რომელიც ამ დღეებში ცდილობდა არა საუბრის, არა დიალოგის, არა ნორმალური პოლიტიკური გზით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებით მიეღო რაიმე დივიდენდები. თუმცა, როგორც ხედავთ, ეს პროცესი წარუმატებლად სრულდება. სამართალდამცველებმა ძალიან დიდი მოთმინებით, კანონის სრული დაცვით უპასუხეს ამ გამოწვევებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, თავს დაესხას ქვეყნის დემოკრატიული არჩევნების შედეგებს.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. 

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893. 

პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400; 

ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19; 

ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850; 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა. 

მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით. 

თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 

8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წყლის ჭავლით დაარბიეს. 

მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ გადმოინაცვლეს.

ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ოპოზიცია მზადაა ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი წინაპირობით - უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ამავდროულად, თანამდებობა უნდა დატოვოს თამარ ჟვანიამაც. თავის მხრივ, მმართველი გუნდიც მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგისთვის და ამავდროულად ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხი არ განიხილება.


close დახურვა