logo
ENG



თალაკვაძე: ჩვენი მოტივაცია არის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს

21 აგვ 202014:57
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: ჩვენი მოტივაცია არის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს

"დღეს მოვისმინეთ კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი ჩვენი ოპონენტებისგან. მათ თქვეს, რომ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას დამკვირვებლების მონაწილეობა არჩევნებში არ სურს. ეს თავისთავად არის სასაცილო განცხადება",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის განცხადებას.

კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ არჩევნებისთვის ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების მცირე რაოდენობა ჩამოვიდეს.

თალაკვაძე ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის ერთადერთი ინტერესი ქვეყანაში საარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩამოსვლაა:

"ჩვენი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესი არის, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს ამ არჩევნებს, ვინაიდან ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები ამ არჩევნების ჩასატარებლად...

ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული და რასაკვირველია, მომავალზე ფიქრი, მომავალზე გეგმები თავისთავად უკავშირდება იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა პარტნიორმა ნახოს თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარებთ ჩვენ ამ არჩევნებს", - აცხადებს თალაკვაძე.

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება პანდემიას სათავისოდ იყენებს და იმედი აქვს, რომ ქვეყანაში ნაკლები საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა.


close დახურვა