საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ წყალტუბოს აღორძინების იდეას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის დაფინანსებით წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი - ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი.
„წყალტუბოს აღორძინების პროექტი ძლიერი, წარმატებული საქართველოს სიმბოლოა. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი - ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი. აბასთუმანში უკვე მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი. წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება. სოხუმი გველოდება, რომელსაც ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად განვაახლებთ,“ - წერს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში არსებულ ყველა სასტუმროსა და აბანოს ყიდულობს.
„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს,“- წერს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ წყალტუბოს რეაბილიტაცია ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის განვითარების გარდა, უამრავ ადამიანს დაასაქმებს, ასევე, დაკმაყოფილდება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ინტერესებიც.