logo
ENG



თალაკვაძე:​ საეჭვოა, რატომ გადაწყვიტა მუხთარლიმ მაინცდამაინც არჩევნების წინ ჩამოსვლა

10 ოქტ 202015:45
3 წუთის საკითხავი
 
ms3wy04rypf19z0.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, "რატომ გადაწყვიტა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ საქართველოში მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსვლა". 

თალაკვაძე ამბობს, რომ ეს მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის კითხვებს ბადებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აფგან მუხთარლისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით იყო მიღებული. 

"არის პანდემია, უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული, მთელი ევროპის მასშტაბით გადაადგილება შეზღუდულია.

ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის კითხვებს ბადებს, რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა მაინც და მაინც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსვლა, ვინაიდან, როგორც ის და მისი ადვოკატი აცხადებდა, მას აქვს სამართლებრივი სახის საკითხები ხელისუფლებასთან, შესაბამისად რატომ გადაწყდა მისი ჩამოსვლა წინასაარჩევნოდ, კითხვებს აჩენს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

აფგან მუხთარლი​ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ოქტომბერს უნდა ჩამოფრენილიყო, რის შემდეგაც პროკურატურისთვის, მისივე გატაცების საქმეზე, ჩვენების მიცემასა და მედიასთან შეხვედრას გეგმავდა. მოგვიანებით, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისმა სამსახურებმა უკვე გამოკითხეს და მისი ჩვენება საქმის მასალებს დაერთო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანში გაიტაცეს და ბაქოში 3 მუხლით გაასამართლეს, მათ შორის ერთ-ერთი საზღვრის უკანონო კვეთა იყო. ის თითქმის 3 წლის განმავლობაში დაპატიმრებულიც იყო. მუხთარლი ამბობდა, რომ საქართველოდან სამართალდამცველების ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

ქართულმა პროკურატურამ ჟურნალისტის გატაცების საქმე არ გამოიძია, ახლა კი, როცა მუხთარლიმ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა, მას უარი ეთქვა. მიზეზად დასახელდა "საბუთების წესრიგში არქონა". ასევე, Georgian Airways-მა თქვა, რომ აზერბაიჯანი არ არის მწვანე ზონის ქვეყანა, ამიტომ მუხთარლის გერმანიიდან ვერ ჩამოიყვანდა. 

როგორც თავად აფგანი Facebook-ზე წერდა, ივანიშვილმა საქართველოში მისი შეშვება ვერ გაბედა. ის საქართველოს ხელისუფლებას "მშიშარას" უწოდებს და აცხადებს, რომ მათი დანაშაულებები გამოაშკარავდება.

მანამდე, აფგანს ბერლინის აეროპორტში უარი უთხრეს საქართველოში გამგზავრებაზე. როგორც მუხთარლი ამბობს, საქართველოს საკონსულოსა და საქართველოს ავიახაზების წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ "საბუთები არ ჰქონდა წესრიგში". მისი რეისი ბერლინის დროით 12:30-ზე უნდა შესრულებულიყო.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებს.


close დახურვა