„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გამართეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ყველა საკითხი, რაც მოლაპარაკებების პროცესში იყო გამოთქმული, მმართველი გუნდის დღევანდელი შეთავაზებით, მოგვარებულია.
მისივე თქმით, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია შეთანხმებას დაბლოკავს, მიზეზების ახსნა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მოუწევს.
„განვიხილეთ მიმდინარე მოლაპარაკებების ყველა მთავარი საკითხი. გუნდი ჩავაყენეთ საქმის კურსში ძირითად პირობებზე, რომელიც განიხილებოდა 1 კვირის განმავლობაში. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ყველა პრინციპულ საკითხზე, იქნება ეს პროპორციები, 40%-იანი ბარიერის პრინციპი, ბარიერი თვითონ და არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, ყველა პრინციპულ საკითხზე ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციისთვის სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომელიც ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო. ყველა საკითხი, ყველა წუხილი, რაც იყო გამოთქმული მოლაპარაკებების პროცესში, დღეს მაგიდაზე დადებული შეთავაზებით, არის მოგვარებული. თუ შეთანხმება სურს ოპოზიციას, ამისათვის ყველა პირობა შექმნილია.
მინდა დავამშვიდო ყველა ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს ამ პროცესს, რომ ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან, არის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. დღეის მონაცემებით, შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის ამ შეთანხმებას და დაბლოკავს, მოუწევს, რომ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, თუ რა იყო ამის რეალური მიზეზები და მოტივაცია, რომელიც შესაძლოა, შეთანხმებისთვის ხელის შემშლელი გახდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, ის ეთანხმება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ პარტიას, რომელსაც არჩევნებში 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, მთავრობის ფორმირება არ უნდა შეეძლოს.
„შესაძლოა, ოპოზიცია არ ელოდა. ისინი ამბობდნენ რომ პარტიას, რომელიც 40%-ზე ნაკლებს ხმებს მოაგროვებს, არ უნდა ჰქონდეს მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, ჩვენი პოზიციაც ეს არის. არც გვიფიქრია ოდესმე, ამაზე ნაკლები შედეგი არ გვქონია და არც მომავალში ვფიქრობთ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით რომელიმე პარტიას უნდა ჰქონდეს მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.