logo
ENG



თალაკვაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრად საკუთარი კანდიდატურის განხილვას

15 დეკ 202115:17
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრად საკუთარი კანდიდატურის განხილვას

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრად საკუთარი კანდიდატურის განხილვას. ეს ინფორმაცია მისმა თანაგუნდელმა, დიმიტრი ხუნდაძემ უკვე დაუდასტურა ჟურნალისტებს

თალაკვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, წარადგინოს "ყველაზე კომპეტენტური" კადრი. 

"გუნდში მიმდინარეობს ჯანდაცვის ახალ მინისტრზე განხილვა, მსჯელობა. ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. ჩვენი ყველას მხარდაჭერა აქვს პრემიერ-მინისტრს რომ შეარჩიოს ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე მომზადებული კადრი, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც არის დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. 

თანამდებობა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ეს არის საშუალება, რომ საქმე გააკეთოს ადამიანმა. მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, მეამაყება, რომ საქართველოს პარლამენტში ვარ არჩეული. გუნდში მსჯელობის შედეგად, შეთანხმება მოხდება და პრემიერ-მინისტრი წარადგენს საუკეთესო კანდიდატს იმ მოცემულობაში, რომელშიც დღეს ვართ", - უთხრა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს. 

10 დეკემბერს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრობის პოსტზე არჩილ თალაკვაძეს განიხილავდნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ეს ფაქტი კატეგორიულად არ უარყო და თქვა: "სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით".

იმავე დღეს ფორმულამ პარლამენტში დააფიქსირა, რომ დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც პროფესიით ექიმია და ერკვევა სამედიცინო მენეჯმენტში, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. 

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით.

 


close დახურვა