logo
ENG



თალაკვაძე გახარიას გუნდზე: სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ

14 აპრ 202112:48
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა.

თალაკვაძე ამბობს, რომ "გიორგი გახარიას არათანმიმდევრული დამოკიდებულება დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა".

"ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლოს, რთული გადაწყვეტილების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების და მიზნების და პირობის ნაცვლად რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს", - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი გასაცემი იქნება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, გახარიას გუნდმა პასუხისმგებლობებზე უარი თქვა. 

"დაველოდებით ვნახავთ რა პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი. ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო", - აცხადებს თალაკვაძე.

გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება დატოვა. 

კერძოდ, მმართველი პარტია დატოვეს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ. 

დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი იზიარებენ დაშვებულ შეცდომებსაც. 

ისინი ექსპრემიერის პარტიას შეუერთდებიან, პარლამენტში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ. 

მმართველი გუნდის უკვე ყოფილმა წევრებმა თქვეს, რომ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში მიაწვდიან. 

თავად გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი და პარტია ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.

ექსპრემიერმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი 22 მარტს გააკეთა. როგორც მან თქვა, ჭორების მიუხედავად, "არსად წასვლას არ აპირებს, პოლიტიკაში რჩება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა". 


close დახურვა