logo
ENG



თალაკვაძე მერაბიშვილზე: როგორც ჩანს, ნახა ძველი ოპოზიციის უპრინციპობა

03 აგვ 202016:25
3 წუთის საკითხავი
 
ol87ymw15b7exla.jpg

როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილმა ჩაიხედა ძველი ოპოზიციის შიდა სამზარეულოში და ნახა ის უპრინციპობა, რაც იქ ხდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებს, რომლის თანახმადაც ის შემდეგი მოწვევის პარლამენტში დეპუტატი არ იქნება, ასევე არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მთავრობაში.

თალაკვაძის თქმით, საზოგადოება ხედავს თუ როგორ ფიქრობს და მოქმედებს ოპოზიცია.

“როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი ხანია ნათელია. ჩვენი საზოგადოება ხედავს როგორ ფიქრობს და როგორ მოქმედებს ოპოზიცია. განსაკუთრებით გამოვყოფდი ძველ ოპოზიციას, რომელიც არის დესტრუქციული და არ გააჩნია პოზიტიური დღის წესრიგი. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილმა ჩაიხედა ძველი ოპოზიციის შიდა სამზარეულოში და ნახა ის უპრინციპობა, რაც იქ ხდება. დაწყებული, როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძოდა და ძველი ოპოზიცია ჯანდაცვის სისტემას ებრძოდა, გაგრძელებული, როდესაც ქვეყანა დგამდა დემოკრატიულ ნაბიჯებს, ცვლიდა კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექს, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ამ პროგრესულ ცვლილებებს“, - აცხადებს თალაკვაძე.

როგორც მერაბიშვილი Facebook-ზე წერს, განახლებული “ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შესწევს ძალა, გადამწვეტი როლი შეასრულოს და არჩევნები გამარჯვებით დაასრულოს.

“ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის", - წერს მერაბიშვილი.


close დახურვა