logo
ENG



თალაკვაძის თქმით, საარჩევნო რეფორმა, შესაძლოა, შეთანხმების მთავარი საკითხი გახდეს

08 დეკ 202021:10
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმა, შესაძლოა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მთავარი საკითხი გახდეს.

როგორც მან შეხვედრების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ საკითხზე ორივე მხარის პოზიციები დაახლოებულია.

"დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძლევადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს - ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ჩვენ პრაქტიკულად ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი", - თქვა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ვინაიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება, ცოტა დრო რჩება და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. თალაკვაძემ განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში კვლავ გაიმართება შეხვედრები.

თალაკვაძის თქმით, საარჩევნო რეფორმა, შესაძლოა, შეთანხმების მთავარი საკითხი გახდეს

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს გაიმართა.

მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა