logo
ENG



თალიბანის პრესსპიკერმა BBC-ის პირდაპირ ეთერში დარეკა და ინტერვიუ მისცა

16 აგვ 202116:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/16/l3329xcd2vggz54.png

15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, მისმა სპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა BBC-ის პირდაპირ ეთერში დარეკა და ინტერვიუ მისცა. 

ინტერვიუში შაჰინმა ქალების უფლებებზე, თავისუფალ სასამართლოსა და კრიტიკულ მედიაზე ილაპარაკა, რაც, მისი თქმით, ავღანეთში დაცული იქნება. 

ჟურნალისტმა იალდა ჰაკინმა შაჰინს თალიბანის გეგმებზე ჰკითხა. 

ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერი ამტკიცებს, რომ თალიბანი ავღანელი ხალხის მსახურია და რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მისივე თქმით, თალიბანი ელოდება ძალაუფლების მშვიდობიანად გადმობარებას. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იგულისხმება ამაში, შაჰინმა უპასუხა, რომ მათ მშვიდობიანად უნდა მიიღონ ძალაუფლება, რის შემდეგაც მომავალში დაარსდება ავღანეთის ისლამური საამიროს ინკლუზიური მთავრობა, ქვეყნის მართვაში მონაწილეობას კი ყველა ავღანელი მიიღებს. 

თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, შარიათის კანონებით, ქალებს სწავლის და მუშაობის უფლება ერთმევათ. მათთვის იზღუდება ქუჩაში კაცის თანხმლების გარეშე გასვლა, ეკრძალებათ სახის გამოჩენა. 

თუმცა, ტერორისტული დაჯგუფების პრესსპიკერი ირწმუნება, რომ ავღანეთში უამრავი სკოლა და უნივერსიტეტია, სადაც ქალებს სწავლა შეუძლიათ. ასევე, მისი განცხადებით, ქალებს მუშაობის უფლება ექნებათ თალიბანის სპიკერის თქმით, ეს მათი პოლიტიკაა. 

შაჰინი ამტკიცებს იმასაც, რომ ქალებს სახლიდან კაცის გარეშე გამოსვლის უფლებაც ექნებათ. 

ჟურნალისტმა იალდა ჰაკინმა ხაზი გაუსვა ცნობებს, რომ ავღანეთის ქალაქებში თალიბანის მებრძოლები ქალებს უკვე აღარ აძლევენ სწავლის უფლებას და რომ ერთ-ერთ ქალაქში უნივერსიტეტში მისულებს უკან გაბრუნება მოსთხოვეს. 

"თუ თქვენი პოლიტიკა ის არის, რომ ქალებს სწავლის უფლება აქვთ, ხოლო ადგილზე მებრძოლები სხვანაირად იქცევიან - გისმენენ ისინი თქვენ? - იკითხა ჟურნალისტმა. 

"დიახ, ისინი ჩვენ გვისმენენ. რაც თქვენ თქვით, ინდივიდუალური შემთხვევაა, რასაც გამოძიება მოჰყვება". - თქვა შაჰინმა. 

ჟურნალისტმა სპიკერს ასევე ჰკითხა იმის შესახებ, რომ თალიბანის მებრძოლები დადიან სახლებში და ატერორებენ, ხოცავენ და აწამებენ ადამიანებს, რომლებიც დასავლური ძალებისთვის მუშაობდნენ ან რამე ფორმით დაკავშირებულები იყვნენ დასავლურ ინსტიტუტებთან. 

სუჰაილ ​შაჰინმა ამ ცნობებს ჭორები უწოდა, რომელსაც მათი ოპონენტები ავრცელებენ. 

მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება ხელში თალიბებმა ჩაიგდეს, აწამეს და სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს ადამიანები, რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ. ასევე, მიზანმიმართულად დახოცეს ჟურნალისტები - მათ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა უკვე აიღო. 

BBC-ის ჟურნალისტმა თალიბანის სპიკერს ჰკითხა, გაგრძელდება თუ არა მსგავსი ქმედებები შემდგომი დღეების და კვირების განმავლობაში ავღანეთში. 

სუჰაილ შაჰინმა ყველა ამ ინფორმაციას და ცნობას არასწორი და შეცდომაში შემყვანი უწოდა. 

ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელმა BBC-ის ეთერში ილაპარაკა თავისუფალ სასამართლოზეც, რომელიც "ავღანეთის ისლამურ საამიროში" იფუნქციონირებს და ქალებს და კაცებს თავის დაცვა შეეძლებათ. 

ასევე, როგორც შაჰინი ამტკიცებს, სასამართლოში მუშაობა ქალებსაც შეეძლებათ. 

თალიბანის წარმომადგენელმა ილაპარაკა თავისუფალი მედიის როლზე, რომელიც, მისი თქმით, აუცილებლად იქნება ავღანეთში - ჟურნალისტები გააკრიტიკებენ ყველას, მაგრამ დაიცავენ ისლამურ სამართალს. 

მოსამართლეები მომავალი ისლამური მთავრობის კანონების მიხედვით დაინიშნებიან. 

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ადამიანების დასჯა კიდურების მოჭრით, შაჰინი ამბობს, რომ ამას სასამართლო გადაწყვეტს. 

შაჰინი ამბობს, რომ ავღანეთი ისლამური სახელმწიფო იქნება - თალიბები ამისთვის 4 ათწლეული იბრძოდნენ. 

რაც შეეხება იმას, მიეცემათ თუ არა ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება იმ ავღანელებს, რომელსაც ამის სურვილი აქვთ, სუჰაილ შაჰინის თქმით, თალიბანის პოზიციაა, რომ ქვეყანა არავინ უნდა დატოვოს. 

"ჩვენ ისინი ყველანი გვჭირდება. გვჭირდება, რომ ყველა ავღანელი დარჩეს ქვეყანაში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობაში". - თქვა მან. 

***

თალიბანმა ავღნეთში ძალაუფლება საბოლოოდ 15 აგვისტოს აიღო. 

ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებმა ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ლეგიტიმური ხელისუფლება მათ უბრძოლველად დანებდა და ძალაუფლება გადააბარა. 

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთში გაემგზავრა.

2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.


close დახურვა