თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა. CNN-ის ცნობით, ფოტოები დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა ტელეგრამში გაავრცელა. სურათებში ჩანს, რომ შენობა ხელუხლებელი და ცარიელია.
მანამდე ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთში გაემგზავრა.
ავღანეთის დედაქალაქში თალიბანი დღეს, 15 აგვისტოს შევიდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.