logo
ENG



თამარ კორძაია მკვლელობის შესახებ: ეს არის იმის შედეგი, რომ სახელმწიფო უშვებს გამონაკლისებს

20 აპრ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მკვლელობის ფაქტს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.

მმართველი პარტიის ოპონენტები საუბრობენ სისტემურ დანაშაულზე და ამბობენ, რომ სისტემას კვლავ არ აქვს ადეკვატური რეაგირება დანაშაულზე, რაც მხოლოდ ახალისებს მას.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ეს და მსგავსი ფაქტები აჩვენებს სისტემის ჩამოშლას და ამ დანაშაულს ახლა ახალისებს საგანგებო მდგომარეობაც. 

„ეს არის სისტემის ჩამოშლის სერიოზული ფაქტი - ასეთი ფაქტები ხშირად გვინახავს. სისტემა არ რეაგირებს ან სათანადო რეაგირება არ აქვს. ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულების ინსტიტუტები არ მუშაობს, შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოყენებულ იქნეს ცუდად და ხდება კიდეც ასე", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

„რესპუბლიკურ პარტიაშიც“ ფიქრობენ, რომ სახელმწიფო არ რეაგირებს შესაბამისად - როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აცხადებს, სამართალდამცველებს აქვთ კრიმინალური აზროვნება და იციან, რომ მათ დანაშაულს არ მოჰყვება ადეკვატური რეაგირება, რაც ახალისებს მათ.

„ის არ დაისჯებოდა, მსხვერპლი რომ არ მოჰყოლოდა - ეს ხომ ცალსახაა და ამის განცდა რომ აქვთ პოლიციელებს, ეს ხომ არის კრიმინალური აზროვნება. რა მნიშვნელობა აქვს, სად მუშაობენ. ეს არის იმის შედეგი, რომ სახელმწიფო უშვებს გამონაკლისებს და ამან მოიტანა შედეგები. მუხლი არ არის ადეკვატური - როცა პოლიციელი ხარ და თავს უფლებას აძლევ, ყველა წესი დაარღვიო, გაცილებით მკაცრი პასუხისმგებლობა ეკუთვნის", - აცხადებს თამარ კორძაია.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო და არის ყველა ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის მოგვარებაც წლებია, ვერ ხერხდება. მისივე თქმით, საჭიროა რადიკალური ცვლილებები.

„არაერთი შემთხვევა გვახსოვს ამ ხელისუფლების დროს, წინა და იმის წინა ხელისუფლებების დროს, როცა პოლიციელები კი არ ემორჩილებიან კანონს, არამედ იმორჩილებენ მას, აიძულებს ინსტიტუციებს, რომ მის სასარგებლოდ იმუშაოს. ყველა შემთხვევა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სისტემურ მანკიერებას რადიკალური ცვლილებების გარეშე ვერ მოვერევით", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ ქვეყანაში არის „ქართული ოცნების“ არასწორი მმართველობით გამოწვეული ქაოსი, რომელსაც ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები.

„რომ არ დამდგარიყო ასეთი ტრაგიკული შედეგი, არ უნდა დასჯილიყო? მათ აქვთ განცდა, რომ შეუძლიათ გაისროლონ ნებისმიერ დროს და ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვთ. მით უმეტეს, მოვისმინეთ მეზობლებისგან, რომ პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ეს ადამიანი სიმთვრალეში ისროდა იარაღიდან. ესაა ის ტოტალური ქაოსი, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ მმართველობამ და რომელსაც ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები" - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პოლიციელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ქალი მოკლა, ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტში მუშაობს. „ფორმულას“  მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფოტომასალაში, რომელიც გადაღებულია გუშინ ღამე,  აღბეჭდილია 4 სამართალდამცველი, რომლებიც იმყოფებოდნენ დაკავებული პირის სახლში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა